ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 28 ახალი შემთხვევიდან, 12 ბათუმში "დონას" კლასტერს უკავშირდება, 3 პაციენტი ინფიცირებულთან კონტაქტია, 2 დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია, 4 პაციენტს კი მოგზაურობის ისტორია აქვს. როგორც ეზუგბაია აცხადებს, დამატებით 4 პაციენტზე წყაროების დადგენის მიზნით, ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
"28 ახალი დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: 12 დადასტურებული პაციენტი არის "დონას" კლასტერთან დაკავშირებული და ჯამში უკვე გვაქვს 36 დადასტურებული შემთხვევა ამ კლასტერში. 3 გახლავთ დაავადებულ პაციენტთან კონტაქტით დადასტურებული პაციენტი. 3 დადასტურებული პაციენტი გახლავთ რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომლები. 2 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ შემოტანილი, აქედან 1 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გახლავთ. 4 დადასტურებულ პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში და იქ ეპიდზედამხედველობის კერაში გამოვლენილი პაციენტები გახლავთ. 4 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა, კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით",-აცხადებს ეზუგბაია.
რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, ამ ეტაპზე კორონავირუსზე მკურნალობას 275 პაციენტი გადის, მათგან 16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 3-ის კი კრიტიკულად მძიმე.
"კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე მკურნალობს 275 დადასტურებული პაციენტი და აქედან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კვლავ რჩება კრიტიკულად მძიმე 3 პაციენტი და მძიმე 16 პაციენტი.
ჩვენთან გუშინ გახლდათ 14 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2, დაგვემატა 2 დადასტურებული შემთხვევა და კვლავ 14 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ. ამ შემთხვევებიდან უცვლელად გვყავს კვლავ 1 კრიტიკულად მძიმე პაციენტი და 1 მძიმე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის გახლავთ",-ამბობს ეზუგბაია.
ბოლო მომნაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1596 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელდა 1294 პაციენტი, გარდაიცვალა - 19.